English / ქართული / русский /
თამარ ზირაქაშვილი
საბანკო სფეროში საგადასახადო ურთიერთობის პრინციპები და მიდგომები

ანოტაცია. გამოკვლევის საგანს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე კომერციული ბანკების ურთიერთობასა გადასახადო სისტემასთან და მისი სრულყოფის გზების ძიება. აღნიშნული პრობლემის ანალიზი, თავისმხრივ, გულისხმობს ამ სფეროში მსოფლიო გამოცდილებისა და ტენდენციების შესწავლას და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მათი დანერგვისათვის პირობების განსაზღვრას. კვლევის ძირითადი შედეგები და მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ დავასაბუთოთ კომერციული ბანკების საგადასახადო სისტემასთან ურთიერთობის სპეციფიკა, აგრეთვე საბანკო სისტემაზე სახელმწიფოს მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. 

შესავალი

ორგანიზაციების საქმიანობის გადასახადებით დაბეგვრის სისტემის რეფორმირება, კონკრეტულ წინადადებათა შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება საჭიროებს ეკონომიკაზე საბანკო სექტორის ზემოქმედების მეთოდებისა და მიმართულებების თეორიულ გაანალიზებასა და დასაბუთებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში  მრავალი პრობლემური საკითხი დაგროვდა, რომელიც დაკავშირებულია როგორც საგადასახადო, საბიუჯეტო, აგრეთვე საბანკო კანონმდებლობის პრაქტიკულად ამოქმედების გაუმართაობასთან. 

* * *

კომერციული ბანკების ფუნქციონირების და განვითარების სპეციფიკა  გადასახადების მეშვეობით განსაზღვრავს მათ საქმიანობაზე ზემოქმედების მიმართულებას. სახელმწიფოს საგადასახადო ზემოქმედება შეიძლება მიიმართოს იქნას როგორც სისტემის ცალკეულ ელემენტებზე, ასევე ელემენტების ერთობლიობაზე. კერძოდ, სახელმწიფო ზემოქმედების მიზანს შეიძლება  შეადგენდეს ბანკების ერთობლიობა.

ზემოქმედების მიმართულებათა განსაზღვრა წინა პლანზე წამოსწევს სხვა პრობლემებს. პრობლემა კი შემდეგში მდგომარეობს, საგადასახადო დაბეგვრის რომელი მეთოდი - როგორც საბანკო საქმიანობის ფაქტორი - გამოვიყენოთ, რა მოცულობით და როგორ მოქმედებენ ისინი საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობაზე.

კანონმდებლობით შესაძლებელია ცალკეული გადასახადების გაუქმებით ანდა შეცვლით, როგორც საგადასახადო დაბეგვრის შეცვლა, აგრეთვე უკვე მოქმედ კანონმდებლობაში კორექტირების შეტანა, მაგალითად შევცვალოთ დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი,  ამგვარად, საკანონმდებლო მეთოდი რეალიზდება:

•  გადასახადების შემოღებით ან შეცვლით (საგადასახადო დაბეგვრის სისტემის შეცვლით);

•  საგადასახადო განაკვეთების ცვლილებებით;

•  შეღავათების გავრცელებით ან გაუქმებით;

•  საგადასახადო ბაზის შემცირებით;

•  საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის შესაბამისი სანქციების დაწესებით.

შედარებით მნიშვნელოვანია საგადასახადო დაბეგვრის ის სისტემა, რომელმაც უნდა დაარეგულიროს წარმოება, სამეწარმეო საქმიანობა და ინვესტიციები. საგადასახადო დაბეგვრის სისტემის აგებისას ორიენტირება უნდა გავაკეთოთ ტიპურ კონცეფციებზე:

•  სარგებლის კომპენსაციის კონცეფცია გვთავაზობს სახელმწიფოსგან მიღებული საგადასახადო შემოსავლების და სარგებლობის პირდაპირპროპორციულ კავშირს. მაგრამ პრაქტიკაში რთულია განვსაზღვროთ პირადი სარგებელი ისეთი მომსახურებისაგან, როგორიცაა ნაციონალური თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.

•  საგადასახადო ზეწოლის თანაბარწილად ზემოქმედების კონცეფცია გვთავაზობს პროპორციულობას გადასახადებსა და მიღებული შემოსავლის ოდენობას შორის. ეს კონცეფცია შედარებით სამართლიანია, თუმცა  შემოსავლების დონის მიხედვით ძნელი შესაფასებელია გადასახადების პრაქტიკული მნიშვნელობის ხარისხი.

•  რესურსების კონცეფცია ორიენტირებულია გადასახადების კავშირთან მოხმარებული რესურსების დანახარჯებზე.

საგადასახადო  დაბეგვრის კონცეფციის შერჩევა გვევლინება მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკაზე და, კერძოდ კი, საბანკო საქმიანობაზე ზემოქმედების რთულ ამოცანად. ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეს ამოცანა სხვადასხვაგვარად წყდებოდა.

საგადასახადო განაკვეთების შეცვლით სახელმწიფო ქმნის დამატებით სტიმულებს ფინანსური ნაკადების და საქონელთა ნაკადების ცალკეული ელემენტებისათვის, სამუშაოების და მომსახურებისათვის. საგადასახადო განაკვეთების სისტემა, ასრულებს რა სახელმწიფო რეგულატორის ფუნქციას, მუდმივად რთულდება და დიფერენცირდება. გადასახადების სხვადასხვა განაკვეთები წესდება დარგების, რეგიონების, საქონელთა და მომსახურებათა ჯგუფების მიხედვით. გადასახადების სისტემის შენარჩუნებისას მათი კორექტირება უფლებას გვაძლევს, შერჩევით და დროებით შევცვალოთ გადასახადის გადამხდელთა ცალკეული ჯგუფების ეკონომიკური პირობები.

უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების, როგორც რეგულატორის გამოყენება არ არის გაიგივებული მხოლოდ შეღავათების გამოყენებასთან. საგადასახადო ტვირთი შეიძლება შეიცვალოს აგრეთვე გადასახადის განაკვეთის, სააღრიცხვო პოლიტკის, დანახარჯების განსაზღვრის წესის, ფინანსური შედეგების ფორმირების, გადასახადის გამოთვლის და მისი გადახდის მეთოდებთან მიმართებაში. კონკრეტული ინსტრუმენტის შერჩევა ხდება დასმული ამოცანის სპეციფიკის, საქმიანობის სახეობის, გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ტიპის გაფორმების და ა.შ. გათვალისწინებით. საგადასახადო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინვესტიციები წარიმართება ეკონომიკის იმ სფეროებში, სადაც მაღალია შემოსავლიანობა და დაბალია  ამოგების ვადები და არ არის აუცილებელი ის  დარგები, სადაც დიდია საგადასახადო შეღავათები.

საბაზრო  ეკონომიკის  დროს სახელმწიფო (ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს დეცენტრალიზებული და არაპირდაპირი როლი) ეკონომიკური ურთიერთობის ნებისმიერ სუბიექტზე ზემოქმედებს და  გამონაკლისი არც ბანკებია. სახელმწიფოს შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა პირველ რიგში არეგულირებს საბიუჯეტო, საინვესტიციო და სოციალურ პოლიტიკას. გადასახადები, როგორც მთელი საგადასახადო სისტემა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში  ეკონომიკის მართვის მძლავრ ინსტრუმენტად გვევლინება.

ეკონომიკაზე, მათ შორის საბანკო საქმიანობაზე საგადასახადო ზემოქმედების ღონისძიებების და მიმართულებების შემუშავება განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება. ძირითადად ასეთებად გვევლინება:

•  ეკონომიკის რეალურ სექტორში სახსრების დაბანდების სტიმულირება;

•  ქართული ბანკების საკრედიტო და საინვესტიციო პოტენციალის ამაღლება;

•  როგორც თავად ბანკების, ასევე კლიენტი-საწარმოების ფინანსური ნაკადების სხვადასხვა სქემების გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა;

•  გადასახადებით დაბეგვრის რაციონალური და სამართლიანი სისტემის შემუშავება.

მითითებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია, თუ ერთდროულად გამოვიყენებთ საბანკო სისტემაზე საგადასახადო ზემოქმედების ორ მიმართულებას: პირდაპირს (თვით ბანკების საგადასახადო დაბეგვრა) და არაპირდაპირს (საწარმოთა დაბევრა), რაც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობის ოპერაციებთან.

საგადასახადო შემოსავლებზე სახელმწიფო ბიუჯეტის უშუალო დამოკიდებულებამ განაპირობა საგადასახადო დარღვევებზე საგადასახადო სამართალურთიერთობის სისტემის გამოყენება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია პასუხისმგებლობა და მოითხოვა მისი ღრმა სამართლებრივი რეგლამენტაცია. ამგვარი პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხები ყოველთვის იყო იურიდიული მეცნიერების, საგადასახადო ორგანოების საკონტროლო საქმიანობის, აგრეთვე სასამართლო ორგანოების  ყურადღების ქვეშ.

კანონმდებლობის ნორმების შესრულების ვალდებულება განისაზღვრება პასუხისმგებლობით, რადგანაც, თუ არ არის პასუხისმგებლობა, არც  ვალდებულება იქნება. ამგვარად, კანონის ნებისმიერ ნორმას, მისი შესრულების უზრუნველყოფას თან უნდა სდევდეს პასუხისმგებლობის დაწესება მის არშესრულებაზე.

მხოლოდ სანქციები  არ უნდა იყოს ზედმიწევნით მკაცრი, გადასახადის გადამხდელი რომ არ მივიყვანოთ  გაკოტრებამდე, რის შედეგადაც სახელმწიფომ შესაძლოა მომავალში დაკარგოს ბიუჯეტის შემოსავლები (გადასახადის  გადამხდელის არარსებობის გამო). ანდა პასუხისგებაში შეიძლება  მიეცეს პირი, რომელიც დაუშვებს გადასახადის გადახდის ვადის გადაცილებას ობიექტურად გადაულახავი (შესაბამისი სიტუაციის გამო) მოვლენების გამო: როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ. ამგვარად, სიმართლიანობის და ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს პასუხისმგებლობის ფართო დიფერენციაცია საგადასახადო დარღვევების სახეების მიხედვით. ამიტომ პასუხისმგებლობის სუბიექტებად უნდა გვევლინებოდნენ არა მარტო გადასახადის  გადამხდელები, არამედ საგადასახადო   აგენტები, ბანკები და სხვა საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიუჯეტში ანდა ბიუჯეტგარეშე ფონდებში გადასახადების გადარიცხვაზე, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები არამართალზომიერი ქმედებების გამო.

საგადასახადო ორგანოს შერჩევა, საგადასახადო განაკვეთების დაწესება, საგადასახადო შეღავათების გავრცელება მიეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოთა კომპეტენციას. ბანკების საქმიანობაზე საგადასახადო ზემოქმედების ადმინისტრაციული მეთოდის ქვეშ იგულისხმება ღონისძიებათა კომპლექსი და აღმასრულებელი ხელისუფლების ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ყველა გადასახადის სრულად და თავისდროულად გადახდისაკენ.

ადმინისტრაციული მეთოდი გულისხმობს არა მარტო საგადასახადო ორგანოების საკონტროლო სამუშაოებს, არამედ ხელისუფლების ორგანოების სააღრიცხვო-ანალიტიკურ და საკონსულტაციო საქმიანობას. ამგვარად ადმინისტრაციული მეთოდი რეალიზდება შემდეგი სამუშაოების  მეშვეობით:

•  საგადასახადო ორგანოების მუშაობა უშუალოდ გადასახადის გადამხდელებთან მუშაობით (პასუხები შეკითხვებზე, საგადასახადო კანონმდებლობის განმარტებები: ინსტრუქციის გამოშვება, მეთოდური რეკომენდაციები, წერილები და ა.შ.);

•  კომერციული ბანკების საქმიანობის კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების საშუალებით;

•  კომერციული ბანკებიდან ამა თუ იმ გადასახადის ამოღების მიზანშეწონილობით და ეფექტურობის ანალიზით;

•  სავალდებულო აუდიტორული შემოწმებებით.

საგადასახადო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა გადასახადის გადამხდელებთან და ურთიერთშორის, დაბეგვრის ცალკეულ საკითხებზე ქვეყნის საგადასახადო-ტერიტორიული ორგანოების ერთიანი პოზიცია, მათი განმარტებების სრული შესატყვისობა კანონმდებლობასთან, რაც განაპირობებს გადასახადის გადამხდელების საგადასახადო კულტურის ამაღლებას, ამა თუ იმ  გადასახადის გამოანგარიშების დროს ამცირებენ შეცდომების ოდენობას, რამდენადაც შეცდომების დაშვება ხდება არა განზრახ, არამედ კანონმდებლობის და საგადასახადო  ორგანოების განმარტებების უზუსტობების და არეულობის გამო.

საგადასახადო სამართალურთიერთობების რეალიზაციის შედეგად შესაძლოა  გადასახადის გადამხდელებს და საგადასახადო ორგანოებს შორის აღმოცენდეს წინააღმდეგობები. სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელების და სახელმწიფოს ინტერესების უფლებების დაცვა, რამაც განსაზღვრა, ცალკე გამოგვეყო საგადასახადო ზემოქმედების მესამე მეთოდი -  სასამართლო. რაც უფრო გაუმჯობესებული და მძლავრია სასამართლო სისტემა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკის სუბიექტების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მაშასადამე, მით უფრ ჯანმრთელი და ძლიერია სახელმწიფოს ეკონომიკა. ამგვარად სიცოცხლისუნარიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება საერთო სახელმწიფოებრივი მასშტაბის საქმეა და ამით განისაზღვრება მთელი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები.

კომერციული ბანკების საქმიანობაზე საგადასახადო ზემოქმედება უნდა იყოს ზუსტად გააზრებული, რამდენადაც ამა თუ იმ ფაქტორების შედეგები შეიძლება იყოს მრავალგვარი, ხოლო ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდებში. საგადასახადო ზემოქმედების განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეთ სახელმწიფოსა და ეკონომიკის, კერძოდ, ბანკების პრიორიტეტებიდან (მ.შ. ცალკეული სუბიექტების). გადა ამისა, აუცილებელია  გავაანალიზოთ ახლად შემოღებულის შესაძლო შედეგები მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში და გამოკვლევის მიღებული შედეგებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ ამა თუ იმ ღონისძიებების მოქმედების პერიოდი და ეფექტურობა. 

დასკვნა

როგორც ჩატარებული გამოკვლევებიდან ჩანს, სახელმწიფოს საგადასახადო ზემოქმედება სისტემაზე - `კომერციული ბანკი - ბიუჯეტი - ეკონომიკის რეალური სექტორის საწარმოები და ორგანიზაციები~ - ძირითადში განისაზღვრება ამგვარი მიმართულებებით და მეთოდებით. 

                                                     გამოყენებული ლიტერატურა

1.  თ. ზირაქაშვილი. საქართველოს კომერციულ ბანკებსა და საგადასახადო სისტემას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზები. აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, 2009.

2.  გ. ხელაია, ფული, ბანკები და ბირჟები. გამომცემლობა „სამთავისი“,  1996.